სულ ახლახან, Emocia Wines-ის სახელის ქვეშ, რომელიც ღვინითა და ყურძნით შთაგონებულ ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის, მსოფლიოში ღვინის ქვისგან პირველი სამკაული დამზადდა. აქსესუარი უმაღლესი ვერცხლის სინჯშია წარმოდგენილი და „ღვინის ემოციის“ პრემიუმ ხაზის ნაწილში – “Wine Diamond” – „ღვინის ალმასის“ სახელით იწარმოება.
თავის მხრივ, ღვინის სამკაულის შექმნა მარტივი არ აღმოჩნდა. როგორც „ღვინის ემოციის“ დამფუძნებელი, თამუნა აბულაძე გვიყვება, იდეის სრულყოფის პროცესი დიდ წინააღმდეგობად ექცათ, ვინაიდან ყველა გამოცდილი მეღვინე და ალქიმიკოსი ირწმუნებოდა, რომ ღვინის ქვისგან სამკაული ვერ გამოვიდოდა. ამბობდნენ, რომ ეს პატარა კრისტალები შაქარივით ფხვიერი და შლადია და მართალია, მათი ერთად შეკვრა ნამდვილად ძალიან რთული აღმოჩნდა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც შესაძლებელი გახდა ღვინის ქვისგან ულამაზესი და რაც მთავარია, ნატურალური ფერის მქონე, მდგრადი და გამძლე სამკაულების დამზადება.
რა არის ღვინის ქვა? – ეს პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს, ღვინის მოყვარულები ღვინის ქვას, ზოგიერთი კი ღვინის ალმასებს უწოდებს – სინამდვილეში ღვინის მჟავის კალიუმის მარილებია. ღვინის მჟავა ის მჟავაა, რომელიც ყველა ღვინოში ყურძნიდან ბუნებრივად ხვდება და თავის მხრივ, ღვინის სტრუქტურას, ბალანსსა და არომატს განაპირობებს. ეს კრისტალები ქვევრში, ბოთლსა თუ ცისტერნაში იმ დროს წარმოიქმნება, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებენ, რომლებიც ბინას ხან ჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებენ და ღვინოში აღარასდროს იხსნებიან. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც ღვინოში ბუნებრივად ხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია. რაც უფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფრო სასარგებლოა სასმელიც.
ვამაყობთ, რომ მსოფლიოში პირველი ღვინის ქვის სამკაულიც საქართველოში დაიბადა ისევე, როგორც ქვევრი და თავად ღვინო, – თამუნა აბულაძე.
რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს – კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან, ანტოციანებისგან იღებენ. ღვინოს რა ფერიც აქვს, იმ შეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალითად: რქაწითელის ქვა მოყვითალოა, ხოლო საფერავის – მუქი იასამნისფერი. „ღვინის ალმასის“ ქვა არასდროს იღებება. თუ ავტორების მიზანი განსხვავებული ფერის მიღებაა, ერთმანეთში მხოლოდ რამდენიმე სახეობის კრისტალს ურევენ და სასურველ შედეგს ამგვარად იღებენ.
ღვინის ქვისგან დამზადებულ მსოფლიოში პირველ სამკაულზე უფრო დეტალურად მისი ავტორი, თამუნა აბულაძე გვიამბობს:
Wines-ს სათავეში?
მე ვარ თამუნა აბულაძე, ბრენდ „ემოციას“ დამფუძნებელი. 15 წლის განმავლობაში „ჯეოსელის“ კორპორატიულ განყოფილებაში ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო, საქმიანი ცხოვრება მქონდა, რომელიც ჩემი ამჟამინდელი სამუშაო სტილისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. „ჯეოსელი“ ცნობილი იყო დახვეწილი კორპორატიული კულტურითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით. შესაბამისად, ამ კომპანიაში მიღებულმა გამოცდილებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემი ბრენდის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმატებაზე. „ემოციამდე“ ხელოვნების რომელიმე სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია. ჩემში ეს ინტერესი ძალიან შემთხვევით აღმოვაჩინე.
M: და რაც შეეხება „ემოციას“, თავდაპირველად, როგორ განსაზღვრეთ კომპანიის საქმიანობა და დღემდე, განვითარების რა გზები განვლეთ?
„ემოციას“ რამდენიმე ხაზი აქვს: პირველი მიმართულება ნატურალური ქვებისგან დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარებით განისაზღვრა, რომელიც ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს; შემდეგი იყო ყურძნის ბროშებით ცნობილი „ღვინის ემოცია“ და სულ ახლახან ამ ბრენდის პრემიუმ ხაზიც – Wine Diamond გაჩნდა, რომელიც მსოფლიოში პირველი და უნიკალურია.
ღვინის ქვისგან სამკაულის შექმნის იდეა თავიდან სულ შემთხვევით მოვიდა. ისე შემიჩნდა ეს აზრი, რომ სანამ სისრულეში არ მოვიყვანე, დღე და ღამე მოსვენება არ მქონდა.
M: რა არის თქვენი, როგორც ბრენდის მიზანი?
ჩვენი მიზანია, მთელ მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო – თავისი უნიკალური ყურძნის ჯიშებით, რომლებსაც 8000 წელზე მეტი ისტორია აქვს. სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს სიმბოლო და პატარა ნაწილი – ჩვენი დიდი ემოცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ატაროს ხელითა და გულით.
ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათად ხშირად ჩვენს ნატურალური ქვებისგან დამზადებულ ბროშებს მიიჩნევენ, ქართული ყურძნის ჯიშების იმიტაციას რომ წარმოადგენს, სწორედ იმ აქსესუარებს. თითოეული მტევანი ინდივიდუალურად, ხელით იქმნება და არასდროს ჰგავს ერთმანეთს. ყურძნის აგებულება მაქსიმალურადაა მიახლოებული მის რეალურ ანალოგს. საკუთარი პასპორტიც მოჰყვება, სადაც საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოსა და ამ კონკრეტული ყურძნის ჯიშზეა საუბარი.
ვამაყობთ, რომ ჩვენი მტევნები ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის, ლიზა სიმონეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის გულსაც ამშვენებს, – თამუნა აბულაძე.
M: ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე რა ნიშის დაკავება გსურთ?
ღვინის სფეროში ადგილობრივ ბაზარზე უკვე მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვით, რადგან ღვინის მოყვარულთათვის ღვინის აქსესუარების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. თუ ჩვენს მომხმარებლებს სურთ, მნიშვნელოვან ადამიანს პრემიუმ საჩუქარი გაუკეთონ, ამ საქმეს ყოველთვის ჩვენ გვანდობენ, რაც ნამდვილად დიდ მოტივაციას გვაძლევს ხოლმე.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე უკვე ვართ. ასევე, ჩვენი ნაკეთობები გაგზავნილია საფრანგეთში, ქალაქ კანში და ავსტრალიაშიც. გვინდა, ღვინის თემატიკით შექმნილ ხელნაკეთ აქსესუარებში ლიდერები გავხდეთ.
M: ვინ აამზადებს სამკაულებს? აღგვიწერეთ პროცესი, რა გზას გადიხართ მანამ, სანამ პროდუქტი სარეალიზაციო სახეს მიიღებდეს?
სამკაულებს მხოლოდ მე, ჩემი გემოვნებითა და დიზაინით ვქმნი. ღვინის ქვისგან სამკაულების შექმნას რამდენიმე ეტაპი აქვს: ჯერ ღვინის ქვა კარგად უნდა გამოშრეს, შემდგომ უნდა დაიფშხვნას, რომ კრისტალების სასურველი ზომები მივიღო. აქ კი იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი – ამ კრისტალების შემაგრება და სამკაულში ჩასმა.
ბევრი ვიწვალე, რომ ისეთი ნაკეთობა მიმეღო, როგორი სახითაც ის დღესაა წარმოდგენილი. არაერთი წარუმატებელი მცდელობაც მქონია, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმას მივაღწიე, რაც მინდოდა.
შეკვეთებს არ ვიღებ, თუმცა გამონაკლისებსაც ვუშვებ, როდესაც მომხმარებლის თხოვნას ვითვალისწინებ და სამკაულებს მათი იდეის შთაგონებით, თუმცა კი მაინც ჩემებურად ვქმნი.
დღეს, ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადების მეთოდს უკვე საქპატენტი იცავს, როგორც ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებას, – თამუნა აბულაძე.
M: ამ ეტაპზე რა არის თქვენი ბრენდის მთავარი საზრუნავი?
დღემდე, ბრენდი საკუთარი ფინანსური სახსრებით არსებობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც Wine Diamond შევქმენი, მივხვდი, რომ განვითარებისთვის ბევრად მეტი რესურსია საჭირო. ამ გადმოსახედიდან, ჩვენი მთავარი გამოწვევა საავტორო ნაკეთობების შექმნა და უცხოურ ბაზრებზე თავის დამკვიდრებაა. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ მიზნის მიღწევას შევძლებთ.
M: რაც შეეხება თქვენს გლობალურ ხედვას?
სამომავლო გეგმაში Emocia Wines-ის კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც ასევე, გააოცებს და გაახარებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეგობრებს.
გარდა ამისა, იმასაც გაგანდობთ, რომ სულ მალე ემოციას მესამე და ბოლო მიმართულებაც დაემატება – Emocia Kids, რომელიც ასევე, უპრეცედენტო და განუმეორებელი იქნება. გვჯერა, რომ ეს მიმართულებაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე უნიკალურ ნიშას დაიკავებს.